“ასე იქნება თუ ისე, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავდგამ დიდ ქვას, რომ იქედან პატარა ბიძინებიც კი არ ამოძვრნენ“, – ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს მისთვის უფლებამოსილების შეყწვეტის რეკომენდაციით მიმართეს.
ნათელაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების გამო გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტის გამო პარლამენტარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს.
“ოლიგარქ ივანიშვილის პირადი დიქტატურა იღებს უპრეცენდენტო სახეს. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას წყვეტს იმის გამო, რომ მის წევრს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბებასთან და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩვენი, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის. ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ივანიშვილი ფრაქციის სახით შეუშვებდა იქ – არ გააყალბებდა არჩევნებს, არ მოახდენდა მასობრივ ფალსიფიცირებას და არ მისცემდა დავალებას, რომ ჩვენი ფეხი პარლამენტში არ ყოფილიყო? სანამ ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდი, მანამდე გაცდენები მიდიოდა საპატიოდ, უარიც მითხრეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე დაკავშირებით მოსახლეობაში დავიწყეთ გამოკითხვა, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტით საპროცესურო კომიტეტის დონეზე. ისე იქნება თუ ასე იქნება, ლეიბორისტული პარტია და პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დავადგამთ დიდ ქვას, რომ იქედან არასოდეს პატარა ბიძინებიც კი აღარ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ გაამრუდონ. აი ამას ვპირდები აქედან ოლიგარქს”, – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
შალვა ნათელაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველი საკითხი, რომელსაც ის წამოაყენებს, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულების შემსწავლელი კომისიის შექმნაა.
ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა, რის შემდეგაც, ამ საკითხს პარლამენტი უყრის კენჭს.
კომიტეტი გადაწყვეტილების მიზეზად ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებს ასახელებს, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.