იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ომიკრონი კორონავირუსის ვარიანტებს შორის რეინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორინავირუსი აქვს გადატანილი, ხელახალი ინფიცირებისგან დაცული არ არის.
“პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ძირითადად კორონავირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში რეინფიცირების 114 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. რეინფიცირება ძალიან იშვიათი იყო და კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინიფიცრების უნარის მქონე ვირუსი. ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ კორონავირუსი ერთხელ გადაიტანეთ, საკმაოდ ხანგრძლივი და მყარი იმუნიტეტი გქონდათ, მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, ადამიანი 6-8 თვე იქნებოდა დაცული. ეს ყველაფერი ომიკრონმა სრულიად შეცვალა. დღეისათვის, ომიკრონი ყველა მუტაციას შორის ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსად განიხილება. შესაბამისად, ადრე გადატანილი კორონავირუსის არცერთი ვარიანტი ომიკრონისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. დღეს ომიკრონი განიხილება, როგორც მუტაცია, რომელსაც რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ვირუსს. დღეისათვის, არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება”, – განაცხადა ჩხაიძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.