ახალი ამბები

შენგელია: მივმართავ ენმ-ს – არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულას თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა არ დაუშვან. შენგელაიას თქმით, არც ერთ ქალაქში მსგავსი შეთანხმება ენმ-სა და გახარიას პარტიას შორის გრძელვადიანი არ იქნება, რადგან “ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე”
შენგელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს.
მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია.
იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა!
ცალკე ამბავია ის, რომ ჩემი აზრით არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება. მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ, ეს ისედაც ცხადია
მე უბრალოდ მოგმართავთ თქვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, როგორც რიგითი ზუგდიდელი, რომლისთვის ღირებულება არის მთავარი და დარჩება ნებისმიერ სიტუაციაში. ასეთი იყო ია და შეეწირა კიდევაც იმ იდეალებს, რასაც თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული ჰქვია. არაფრის ფასად არ დაუშვათ ეს მარაზმი! აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი რეჟიმს შიგნიდან მოარყევს. ეს ამბავი მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილივით ჩვენ თავზე და ნებისმიერ მნიშვნელოვან მომენტში საკრებულო თავისი კვაზი-თავმჯდომარით ისევ ჩადგება ,,ოცნების” სამსახურში, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.
,,ჯერ არასდროს გაუმარჯვიათ მშიშრებს და მსტოვრებს”, ვერც ახლა უნდა გაიმარჯვონ, მხოლოდ უკომპრომისობა და იდეალები იმარჯვებენ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას, რეგიონს და ქალაქს სჭირდება”, – წერს შენგელია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, ია კერზაია 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა. ის ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა, ამას წინ უძღოდა ანონუმური საჩივრის საფუძველზე, მე-6 სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის შესვლა. მისმა შვილმა, ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შემოწმების დროს, კერზაიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მოტივით დევნა. 2019 წლის ზაფხულში პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა”.
იტვირთბა....