საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” პრობლემად არის ქცეული.
“მელიამ უკვე პრაქტიკულად აღიარა, რომ ამ პარტიაში პოლიტიკური დეგრადაციაა დაწყებული და გადარჩენის ერთადერთი შანსი არის, უარი თქვან პატიმარ სააკაშვილის ახირებების შესრულებაზე, რადგან პრაქტიკულად ეს ადამიანი გახდა პრობლემა “ნაცმოძრაობისთვის“, რაც სხვათა შორის, არ დამალა არც მელიამ და არც სხვა ლიდერები მალავენ, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს მაჭარაშვილი.
როგორც 1tv.ge-ს მიერ გავრცელებულ კომენტარშია აღნიშნული, მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია “კობა ნაყოფიას მიმდინარეობად” და “მელიას მიმდინარეობად” არის დაყოფილი.
“ნიკა მელიამ ახლა უკვე საჯაროდ აღიარა ის, რაც ისედაც იცოდა საზოგადოებამ, მათმა მხარდამჭერებმაც და ყველამ. “ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სულ მცირე ორი მოძრაობა, ეს არის კობა ნაყოფიას მიმდინარეობა და მელიას მიმდინარეობა. მათ ერთი რამ აერთიანებთ, მათი ბელადის გადაწყვეტილებები შესაბამისობაში რამდენად იქნება თავიანთ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, უკვე 10-დან 10 შემთხვევაში არის წინააღმდეგობა პატიმარ სააკაშვილის გადაწყვეტილებების აღსრულების ნაწილში”, – ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ ამბობს ნიკა მელია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო. მოგვიანებით, მელიამ ამ კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას.