სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეჟისორ რობერტ სტურუასთვის ლისის ტბის სიახლოვეს, თხინვალაში მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, “ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება”.
ქონების ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა უძღოდა წინ.
“რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. არასასოფლო – დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა. მასში აღნიშნულია ბატონი რობერტ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება”, – ნათქვამია “ინტერპრესნიუსი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათმა” გუშინ გაასაჯაროვა რეჟისორისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაფორმების ამსახველი დოკუმენტები.