დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემოღებას არ აპირებს და მთავარ მოწოდებად ვაქცინაციის პროცესში ჩართვა რჩება.
“არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე”, – ავრცელებს გამყრელიძის კომენტარს საქართველოს პირველი არხი.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის, ბუსტერ დოზა მოქალაქეების 6,4 პროცენტს აქვს გაკეთებული, რაც დაბალი მაჩვენებელია – “სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა”, – ამბობს ინფექციონისტი.