ბოლო ორი თვის განმავლობაში სუიციდის, ანუ თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის მოზარდი ასაკიც ფიგურირებს. ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი „მეტრონომს“ ესაუბრა გახშირებული თვითმკვლელობების ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე.
„მეტრონომი“: ქალბატონო ნანა, ბოლო პერიოდში თითქოს გახშირდა სუიციდის შემთხვევები. როგორც ფსიქოლოგი, რას დაუკავშირებდით?
ნანა მამულაშვილი: ძალიან ბევრი ფაქტორით აიხსნება ეს ყველაფერი. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ არც სხვა ქვეყნებშია ნაკლები სტატისტიკა ამ მხრივ. ისეთ გამართულ ქვეყნებშიც კი, როგორიც სკანდინავიური ქვეყნებია, არცთუ ნაკლებია სტატისტიკა, მეტი თუ არა.
– რა ძირითადი მიზეზებით შეგვიძლია დავახასიათოთ სუიციდი?
– თვითმკვლელობის მიზეზთა შორის პირველია ფსიქიკური აშლილობები, შემდეგ მოდის სოციალური ფონი, პირადი საკითხები და სხვა მიზეზები. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია ჩვენს ქვეყანაში. ასევე ძალიან გაზრდილია აზარტულ თამაშებთან, თუ ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზები. აღსანიშნავია, ქართული ბანკების მახინჯი სისტემა, რომლებსაც კიბოსავით ჰყავს ჩაგდებული მოსახლეობა ხელში და ყელში უჭერს.
– მოზარდების თვითმკვლელობას რას დაუკავშირებდით?
– როცა 13-15 წლის ასაკზე ვსაუბრობთ, ეს, რა თქმა უნდა, გარდატეხის პერიოდია, შესაბამისად, ძალიან რთული ასაკია. ამ დროს, წინ იწევს მშობლებთან კონფლიქტი თუ პირადი ცხოვრების ფაქტორები, შეყვარებული, კომპლექსები და ა.შ. 9 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებზე საუბარი, თუ სუიციდის შემთხვევები დასტურდება, უფრო რთულია, რადგან ეს არ არის ხშირი შემთხვევა, ამიტომ მასზე სტატისტიკის მიხედვით ვერ ვისაუბრებთ. ამგვარი შემთხვევა გამოსაკვლევია. გარდატეხის პერიოდში კი ბავშვი ნებისმიერ რამეზე შეიძლება გამოხატავდეს ისტერიულ ფონს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ჯანსაღი იყოს და ასევე ჯანსაღ გარემოში იზრდებოდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი შემთხვევბისას მედიის გავლენა? თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვალდებულები ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მას აინტერესებს…
– მხოლოდ მედიაზე ამის შეტოვება არაფრით იქნება სწორი. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, სფერო, რომლებიც ვთანაცხოვრობთ ამ სამყაროში, ყველა ვზემოქმედებთ გარკვეულწილად ერთმანეთზე. მნიშვნელოვანია კომპიუტერის და ვირტუალური რეალობის გავლენაც. რატომ არიან ასეთი ინფანტილურები თანამედროვე მოზარდები? იმიტომ, რომ ცხოვრობენ ამ ვირტუალურ რეალობაში, მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ რეალურ ცხოვრებასთან შეხება. შესაბამისად, მათი წარმოდგენები სიკვდილზე, სიცოცხლეზე, ზოგადად ფასეულობებზე იცვლება.
– არსებობს ნიშნები, რითიც შესაძლოა გარშემომყოფები მიხვდნენ, რომ კონკრეტულ ადამიანს სუიციდი აქვს განზრახული?
– სუიციდს ცნობილი გამოვლინებები აქვს. ეს არის როგორც განმარტოებისკენ მიდრეკილება, ასევე პირიქით, ზედმეტი მხიარულება, მოწყენილი და დეპრესიული მდგომარეობა, ხშირად საუბარი თვითმკვლელობაზე, საყვარელი საჩუქრების მოულოდნელად დარიგება და სხვ. მრავალი წვრილმანი ნიშანი არსებობს. ამას გარშემომყოფებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და საგანგაშო ნიშნების დანახვისას, აუცილებლად სპეციალისტს მიაკითხონ.
თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ და ჩვენი სამინისტროს პროექტია „მხარი მხარს“ სუიციდის პრევენციის ფარგლებში. მიდის უზარმაზარი საგანმანათლებო ლექცია-სემინარები ჯარებში, ნაწილებში. ასევე გვეხმიანებიან ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფს ატყობენ საეჭვო ნიშნებს და ჩვენ მათ ვეხმარებით. თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ წინ წავიდა ამ თვალსაზრისით. სამინისტროს ცხელი ხაზია 2 25 30 30.
მანა ნოდია