“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენა არა სიფრთხილის, არამედ სიმხდალის გამოხატულებაა. როგორც ბარამიძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იმას აკეთებს, რაც ვლადიმერ პუტინს სურს.
“მინდა, ზოგადი შენიშვნა გავაკეთო იმ შეცდომასთან დაკავშირებით, რომელსაც ხშირად, ჩემი საპატივცემულო ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ზოგჯერ ექსპერტებიც უშვებენ, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა – უკაცრავად და, ჩვენ რომ შევცვლით ხელისუფლებას მერე გაღიზიანების პოლიტიკა უნდა გვქონდეს? გაუგებარია, რატომ ამოირჩიეს ეს ტერმინი. პირდაპირ ლაპარაკობენ იმას, რაც აწყობს “ქართულ ოცნებას”. რა თქმა უნდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ნორმალურ ხელისუფლებას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ამათ არ გაღიზიანების პოლიტიკა აქვთ, არამედ, ამათ აქვთ კოლაბორაციონისტური, მოღალატეობრივი და ოკუპაციასთან შემგუებლური პოლიტიკა. არავინ არ უნდა გავაღიზიანოთ, არც რუსეთი, არც თურქეთი, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც ამერიკა და საერთოდ არავინ. რატომ უნდა გააღიზიანო ვიღაცა, საერთოდ გაუგებარია.
ასევე ლაპარაკობენ, რომ თითქოს, სიფრთხილე ყოფილა ცუდი და ის, რომ რუსეთი არ ჩაწერა ხელისუფლებამ რეზოლუციაში, ეს ყოფილა სიფრთხილის გამოვლინება. სიფრთხილესა და სიმხდალეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. შენ თუ შენი ქვეყნის ინტერესების არ იცავ და არარაობა ხარ, თუ კი მხდალად იქცევი და კაპიტულანტურად იქცევი, მაშინ უარესი დაგემართება და შეიძლება ომიც არ დაგჭირდეს, ისე დაკარგო ყველაფერი, რაც გაქვს და ამიტომ აწყობს პუტინს, ივანიშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რა სჭირდება პუტინს და იმას აკეთებს. სწორედ ეს სჭირდება პუტინს, რომ საქართველო იყოს აბსოლუტურად არშემდგარი სახელმწიფო, რომელსაც არამარტო თავმოყვარეობა არააქვს, არამედ არ აქვს არც დაზვერვა, არც კონტრდაზვერვა, არც პოლიცია, არც სასამართლო, ეკონომიკა, სოციალური სფერო, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და საერთოდ არაფერი”, – განაცხადა ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.