ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაგბის ლეგენდარული კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა

რაგბის რეპორტაჟების კომენტატორი და სპორტული ამბების ჟურნალისტი, ზაალ გიგინეიშვილი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიგინეიშვილი კორონავირუსს ემსხვერპლა.

ზაალ გიგინეიშვილი წლების განმავლობაში უძღვებოდა რაგბის ტელე-რეპორტაჟებს. ის ქართული რაგბის ისტორიულ-სტატისტიკური წიგნის – „ქართული რაგბის მატიანეს“ ავტორია რაგბის თემატიკაზე შექმნილ სხვა არაერთ წიგნთან ერთად. ამასთან, გიგინეიშვილმა შვიდჯერ გამოსცა „რაგბის წესები“ და მუდმივად ახდენდა მის განახლებას.

“მისი საპროგრამო სტატია – „რაგბი – გზა წინსვლისა“ და წერილი – „რაგბი, მორაგბე, სარაგბო…“, ჯერ კიდევ 1989 წელს დაიბეჭდა „ლელოში“ და აქედან დაიწყო ქართული სარაგბო ტერმინოლოგიის დანერგვა, რომელიც წლიდან წლამდე ზაალისვე მეშვეობით იხვეწებოდა. ის იყო უდიდესი სტატისტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყველა წვრილმანს ბოლომდე ეძიებოდა, ათასჯერ ამოწმებდა, ასწორებდა და დღემდე მოგვიტანა ისეთი წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის გარეშეც ქართული რაგბის ისტორია ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა.  სწორედ მისი რეპორტაჟების წყალობით ისწავლა გულშემატკივარმა რაგბის წესების საფუძვლები და დღეს რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“, ამაში ზაალ გიგინეიშვილის წვლილი ფასდაუდებელია”, – აღნიშნავს რაგბის კავშირი.

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზაალ გიგინეიშვილი „დედაენის დღის“ 40 წლის იუბილეზე მედლით დააჯილდოვა.

იტვირთბა....