ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერის ინიციატივა – ვის შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ელექტროენერგიის საფასურს დაუსუფსიდირებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ.

“სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 2000 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას.

“1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.

ამას გარდა, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000 ან ნაკლებია, საცხოვრებელი ადგილი კი თბილისი, რუსთავი ან მცხეთა, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება – არა უმეტეს 100 ლარისა.

 

იტვირთბა....