2016 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია “მაგთიკომი” აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. ამას კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ავალდებულებს.
“შპს “მაგთიკომს” დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა”, – ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში. როგორც აღმოჩნდა, შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება აქამდე ავტომატურად და თან განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. კერძოდ, თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით – 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში – აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი – 438,849 ლარს შეადგენს. ინფორმაციისთვის, არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.
“მეტრონომი” “მაგთიკომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ნინო სურგულაძეს ესაუბრა.
“მეტრონომი”: კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დასკვნაში წერია, რომ თქვენ ვალდებულები ხართ მომსახურების მოცულობის ამოწურვისა თუ მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ გააფრთხილოთ. რატომ არ აკეთებდით ამას მანამდე?
ნინო სურგულაძე: “არაკორპორაციულ აბონენტებს (ფიზიკურ პირებს) მომსახურების პაკეტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია მობილურზე მისდით შეტყობინების სახით. რაც შეეხება კორპორაციულ აბონენტებს (იურიდიულ პირებს), მათთან ფორმდება დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაწერილია ნებისმიერი ტარიფი, მათ შორის, ინტერნეტმომსახურების ტარიფები (როგორც პაკეტების შემთხვევაში, ასევე პაკეტის ამოწურვის შემდგომი ტარიფები), პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით. თუმცა, 2016 წლის 1 იანვრიდან მაგთიკომი ატყობინებს (sms-ის საშუალებით) ყველა აბონენტს პაკეტში მეგაბაიტების ამოწურვის შესახებ.
აბონენტს შეუძლია ნებისმიერი დროს თავად, უფასოდ შეამოწმოს ბალანსი სხავადასხვა საშუალებებით: USSD კოდი, პორტალი და ა.შ.”.
– თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით – 0,35 ლარად მიეწოდებოდა. რატომ ზრდიდით მომსახურების ტარიფს და როგორ ხდებოდა დავალიანების დაწესება თითოეულ მომხმარებელზე?
– როგორც წესი, პაკეტით შეძენილი ინტერნეტის (სმს, წუთების) ღირებულება გაცილებით შეღავათიანია, ვიდრე ერთეულის სტანდარტულის ღირებულება. ვისაც სურს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა, უნდა იზრუნოს პაკეტის დროულად განახლებაზე. ნებისმიერი დავალიანება აბონენტს ერიცხება მიღებული მომსახურების პროპორციულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფებით.
– კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში – აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი – 438,849 ლარს შეადგენს. დავალიანების ამოღების მექანიზმი რა გაქვთ?
– დავალიანების დაწესება ხდებოდა ყოველთვის ხელშეკრულებით გათვალისინებული პირობის დაცვით. დავალიანების ამოღება ხორციელდება ხელშეკრულებით და კანომდებლობით გათვალისწინებული საშუალებებით.
მარიამ ვარადაშვილი