‘ჩემი ინტერესები სახელმწიფო სფერო და პოლიტიკა არასოდეს ყოფილა”
ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია “სოკარში” “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებზე საუბრობს. პოლიტიკოსი ასაჯაროებს სიას, სადაც მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და წინა ხელისუფლების ჩინოსნები მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ აზერბაიჯანულ კომპანიაში.
- “საქორგგაზის“ დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის ე.წ. „მოლარე“ ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც ბაღათურიას თქმით, დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის გადაქაჩვა;
- დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი;
- ირაკლი ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნიკა ზუბიტაშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი;
- ვალერი ჩიტაიშვილი – „სოკარ ჯორჯია გაზის“ ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო;
- დიმიტრი ბოჭორიძე – „სოკარ ჯორჯია გაზის“ კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო“.
“ეს ბანდა მოქმედებს დღეს და მათ მიერ არის დაწესებული 250-300%-ით უფრო მაღალი ფასები ბენზინზე და ამ ბანდის მიერ არის სპეკულაციური ფასები გაზზე დაწესებული, რითაც მოსახლეობის გატყავება ხდება“. – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
“მეტრონომი” ბაღათურიას ესაუბრა.
“სია საიდან მაქვს მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ საჯარო რეესტრში და ნახოთ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ვინ არის და ამოიღებთ იგივე მონაცემებს. “საქორგგაზის” ხელმძღვანელი არის ალეკო ხეთაგური. მე მინდა გითხრათ, რომ ყოველი ზედმეტი თეთრი, რომელსაც ქართველი ხალხი იხდის ხმარდება “ნაციონალურ მოძრაობას”. – ამბობს ბაღათურია.
ჩვენ დავინტერესდით, რაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ხეთაგურის მეშვეობით “ნაციონანური მოძრაობა” დაფინანსებას იღებს.
“ოპერირებს კი არა ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ალეკო ხეთაგური აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიედინება. ამის დამტკიცება შეუძლია სპეცსამსახურებს
თქვენ ეტყობა არ იცნობთ ალეკო ხეთაგურს. ალეკო ხეთაგური იყო ვანო მერაბიშვილის კლანის წევრი. ის სააკაშვილ-მერაბიშვილს ენერგეტიკის მინისტრად ჰყავდა დანიშნული იმის გამო, რომ ენერგეტიკაში შავი ფული ეკონტროლებინა და კორუფციული სქემები შეექმნა. ჩვენი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” ფინანსურად არის დაინტერესებული “სოკარისთვის მონოპოლიის შენარჩუნებაში. მათ აქვთ წილი სოკარში, “სოკარი” კი არ აფინანსებს, მათ წილი აქვთ და ჩვენ მოვითხოვეთ პროკურატურისგან ამ წილის გადამოწმება. ჯერჯერობით ის კომპანია, რომელიც იქ ფიგურირებს, ჩვენი ინფორმაციით, მათ აქვთ 30%, თუმცა ამას გადამოწმება სჭირდება. ეს კომპანია არის დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და მოვითხოვთ პროკურატურისგან შეისწავლოს ეს საკითხი.” – აცხადებს ბაღათურია.
ამ კომპანიის სახელმწოდება “მეტრონომთან” ბაღათურიამ “ვერ გაიხსენა.
ჩვენ ვცადეთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირება, თუმცა პარტიაში ბაღათურიას ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს.
„მეტრონომი“ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ კორპორატიული ბიზნეს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვენელ ირაკლი ზუბიტაშვილს ესაუბრა.
ზუბიტაშვილმა გვითხრა, რომ კომპანია ოფიციალურ კომენტარს ბაღათურიას ბრალდებებთან დაკავშირებით არ გააკეთებს. ერთ-ერთი პირი, რომელიც ბაღათურიას გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა დავით ზუბიტაშვილია, რომელიც ირაკლი ზუბიტაშვილის მამაა.
„დავით ზუბიტაშვილი თავის დროზე გადადგა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების გამო. მან თანამდებბა დატოვა, იმის გამო, რომ მისი ხედვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრაში არ იყო. ის არასდროს არ ყოფილა გაწევრიანებული ან დაკავშირებული რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის სრული ტყუილი. არც მე არასოდეს არ ვყოფილვარ კავშირში არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ეს არის პოპულისტური განცხადება, ის ცდილობს რაიმე სახით ყურადღება მიიქციოს თავის პერსონისადმი. მე რა თქმა უნდა ხეთაგურის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე გავაკეთებ ჩემს შესახებ და დავით ზუბიტაშვილზე. ის ყოველთვის იყო პროფესიონალი და საქმის მცოდნე და აქედან გამომდინერე იყო ძალიან მაღალი მოთხოვნა მისი პროფესიული უნარ-ჩვევებისადმი. დავით ზუბიტაშვილი ენერგეტიკის მინისტრი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდებოდა, ვგულისხმობ ქუჩის აქციებს. მაშინ მოხდა დაპირისპირება, დაპირისპირებასაც არ დავარქმევ, უბრალოდ ინტერესთა სხვადასხვაობა იყო და მამაჩემმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა გადამდგარიყო, რათა პოლიტიკური ქულებისთვის არ მომხდარიყო ქვეყნის ენერგეტიკული ინტერესების კომპრომიზაცია. ის 2007 წლიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორია, მანამდე ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის ინსტიტუტს. აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნა იყო, რომ დავით ზუბიტაშვილი ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის დირექტორი“. – აცხადებს ზუბიტაშვილი.
მისი თქმით, მისი ოჯახი და თავადაც არასდროს ყოფილა დაინტერესებული პოლიტიკითა და საჯარო სტრუქტურაში მუშაობით.
„დიდი ხანი საზღვარგარეთ ვსწავლობდი და აზერბაიჯანული მხარის მოწვევით დავიწყე აქ მუშაობა. ყოველთვის კერძო სექტორში ვმუშაობდი. ჩემი ინტერესები სახელმწიფო სფერო და პოლიტიკა არასოდეს ყოფილა. ჩემს პოლიტიკურ ნებას მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გამოვხატავ. ვინც ეს დაწერა ელემენტარულადაც კი არ გადაამოწმა ინფორმაცია“. – უთხრა „მეტრონომს“ ირაკლი ზუბიტაშვილმა.