ახალი ამბები მსოფლიო

ზღვიდან, ზღვამდე – ვისთვის იქნება ხელსაყრელი უკრაინის, პოლონეთის და ინგლისის გაერთიანება

ზღვიდან, ზღვამდე – ვისთვის იქნება ხელსაყრელი უკრაინის, პოლონეთის და ინგლისის გაერთიანება, – მსგავსი სათაურით ანალიტიკურ სტატიას უკრაინული მედიის ჟურნალისტი, ანასტასია სვეტლევსკაია აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, უახლოეს მომავალში პოლონეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ალიანსის ოფიციალური დოკუმენტით დამტკიცებას გეგმავენ.

სვეტლევსკაია სტატიაში მომოიხილავს, ვისთვის იქნება ხელსაყრელი ეს პოლიტიკური ალიანსი.

“რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედროების მობილიზებას განაგრძობს. ამ ფონზე აშშ ღელავს, ხოლო ევროპის ქვეყნებს კი სხვადასხვა პოზიციები აქვთ. გერმანიას ურჩევნია ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს, ვიდრე მხარი დაუჭიროს უკრაინას. ზოგიერთები რუსეთიდან მომავალი საფრთხის მინიმალიზაციას ცდილობენ”, – წერს ჟურნალისტი.

სტატიაში ციტირებულია უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის სიტყვები – “ჩვენ ევროპაში სამი ქვეყნის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ალიანსს შევქმნით. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ უკრაინის ფინანსურ დამოუკიდებლობას”.

ჟურნალისტის თქმით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელიზაბეტ ტრასმა ჯერ კიდევ 21 იანვარს განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ალიანსის მომხრეა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ სამი ქვეყნის ალიანსის შექმნის ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის და მიზნად ისახავს მცირე ალიანსების შექმნის სტანდარტის დანერგვას.

“ატლანტიკის, ბალტიის და შავი ზღვის ძალების გაერთიანებით ჩვენ შევქმნით რეგიონის უსაფრთხოების რეალურ გარანტიას”, – აცხადებს კულება.

ჟურნალისტი განმარტავს, რომ უკრაინა უკვე ითვლება რამდენიმე მინი-ალიანსის წევრად და ესენია: ასოცირებული ტრიო გაერთიანება საქართველოსთან, და მოლდოვასთან, ასევე შეთანხმება პოლონეთთან და ლიტვასთან.

კულებას თქმით, მსგავსი სახის მცირე ალიანსები, რეგიონისთვის ძალიან ბევრს სარგებელს მოიტანს და უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს შექმნის.

“ყალიბდება ისტორიული პრეცედენტი, იქმნება ალიანსი უკრაინასთან, რომლის წევრებიც “ნატოს” სამხედრო ალიანსის წევრები არიან. (პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი)”, – აცხადებს უკრაინელი ექსპერტი.

ექსპერტის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი გახდეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამი ქვეყნის გაერთიანება უკრაინას მოუტანს სარგებელს, თუმცა ამავდროულად ემსახურება დიდი ბრიტანეთის გავლენის გაზრდა ევროპაში. ტექსტში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი კრემლის მისამართით საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს და რეგიონში მკაცრი ანტირუსული ტენდენციის დანერგვას ცდილობს.

“გერმანია და საფრანგეთი რუსეთის მიმართ გაცილებით უფრო რბილები არიან. დიდი ბრიტანეთი  ეძებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ. ასეთებია: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი”, – ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როდის მოხდება სამი ქვეყნის: დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და პოლონეთის ალიანსის იურიდიული გაფორმება. ჯერჯერობით ეს იქნება კავშირი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე.

სვეტლევსკაია იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინას კიდევ ბევრი მეგობარი ქვეყანა დაეხმარება და ეს რიცხვი თანდათან გაცილებით მეტი გახდება, ვიდრე დღეს.

იტვირთბა....