როგორ დაახასიათებდა თეა წულუკიანს, გამსახურდია თუ სააკაშვილი, მოუწევია თუ არა მარიხუანა… – მეტრონომმა პარლამენტის დეპუტატ თაკო ჩარკვიანთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: ნანობთ თუ არა პარლამენტში შესვლას?
თაკო ჩარკვიანი: არ ვნანობ, რადგან ვთვლი, რომ ხალხი როდესაც აგირჩევს და მოგცემს დაკვეთას, შესაბამისად, არც უნდა ნანობდე. ეს ხალხის სურვილია, რომ ვიყო პარლამენტში და შევასრულო ის, რაც საჭიროა;
მეტრონომი: დაგვიხასიათეთ თეა წულუკიანი ერთი სიტყვით…
თაკო ჩარკვიანი: მრავალწახნაგოვანი ჯოჯოხეთი;
მეტრონომი: მარიხუანა თუ გაქვთ მოწეული?
თაკო ჩარკვიანი: არა არასოდეს, ეგ ჩემი თემა არ არის. ყოველთვის უნდა ვაკონტროლებდე ჩემს თავს;
მეტრონომი: ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
თაკო ჩარკვიანი: ბოლოს წავიკითხე ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“;
მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?
თაკო ჩარკვიანი: კლასიკა და ჯაზი. მამუკა ჩარკვიანი;
მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?
თაკო ჩარკვიანი: მე არ მომწონს, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაამთხვიეს იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ასევე თავიანთ უფლებებს იცავენ, ვგულისხმობ ლგბტ თემს. არ მიყვარს როდესაც აპირისპირებენ ერთმანეთს. მგონია, ოჯახის სიწმინდეს დღე არ უნდა დაუწესო, ხაზგასმა რა საჭიროა. 17 მაისს, რაც მოხდა სამარცხვინოა. წვეროსანი, ტაბურეტკიანი ტიპები რომ დაქროდნენ, დიდი სირცხვილი იყო;
მეტრონომი: დაგვიხასიათეთ ბიძინა ივანიშვილი ერთი სიტყვით…
თაკო ჩარკვიანი: რუსი ოლიგარქი…
მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ ყოფილხართ/დადიხართ?
თაკო ჩარკვიანი: არა არ დავდივარ, ჩემს ბავშვობაში ეს კლუბები არ იყო;
მეტრონომი: რომელი შინაური ცხოველი გყავთ?
თაკო ჩარკვიანი: ორი მყავს: კატა და ძაღლი;
მეტრონომი: ყველაზე სიმპატიური ქართველი პოლიტიკოსი….
თაკო ჩარკვიანი: არვიცი ესე, არავისი გარეგნობა არ შემიფასებია.
მეტრონომი: ანტივაქსერებს რას ეტყოდით?
თაკო ჩარკვიანი: მე თვითონ აცრილი ვარ. ანტივაქსერებთან მიმართებაში სახელმწიფოს ვადანაშაულებ. მეტი პოპულაცია სჭირდებოდა ამ თემას. ანტივაქსერებს ვეტყოდი გაურთხილდნენ საკუთარ ახლობლებს;
მეტრონომი: გამსახურდია თუ სააკაშვილი?
თაკო ჩარკვიანი: არმინდა, ესე არ შეიძლება. საკითხს ესე ვერ დავაყენებ. არ მიმაჩნია სწორად;
მეტრონომი: რა არის თქვენი ჰობი?
თაკო ჩარკვიანი: კითხვა. დისკომფორტი მაქვს ხოლმე, მაკლია ჩემი სავარძელი, რომ მოვკალათდე და ვაკეთო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი;
მეტრონომი: ბოლოს რა ფილმი ნახეთ?
თაკო ჩარკვიანი: ბოლოს მე და ჩემმა ქმარმა ვნახეთ პაზოლინის ფილმი და კიდევ ერთხელ ვაღიარეთ, რომ გენიოსია;
მეტრონომი: რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელიც თქვენს განცხადებას ლეიბებზე ცინიკურად უყურებს?
თაკო ჩარკვიანი: მე უკვე ვუთხარი ყველას, სულერთია მოგიწევთ-მეთქი. ერთადერთი ლოკაციის ადგილი, ჩემი აზრით არის კარავი, ლეიბები, ქუჩა. პარლამენტის წინ მიტინგები.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი