“დღეს, როდესაც გამოდიხართ, აკრიტიკებთ მერიას, აკრიტიკებთ მერს, ჩვენს თანამშრომლებს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც რეალურად დაუპირისპირდა ამ პრობლემას”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობებთან ბრძოლა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“მე არასდროს მითქვამს, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და 2017 წელს, პირველად როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება იყო, სადაც დავიწყეთ ბრძოლა. დღეს გამოდიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ჩართული იყო უკანონო მშენებლობებში, უკანონო ნებართვების გაცემაში და შედეგი სახეზეა. მე მგონი არავის მოგწონთ ის, რაც დღეს თბილისში გვაქვს, რაც მივიღეთ იმ წლების განმავლობაში, ქალაქის არასწორი განვითარებით, უკანონო მშენებლობით და ასე შემდეგ. დღესაც, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უკანონო მშენებლობები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა”, – ამბობს კალაძე.