თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მის შესახებ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, სიმართლე მოკლე დროში გამოაშკარავდა.
“ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვთქვი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს ვამბობდი, რომ თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვეყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ”, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მედია ხშირად სიძულვილის ენით საუბრობს, რაც უნდა დასრულდეს.
“ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: “მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშნველობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო” – ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამბობს კალაძე.