ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო: რადას შენობაში დეპუტატებმა მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებმაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის რადას შენობაში დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ცნობისთვის, უკრაინელმა დეპუტატებმა რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის ფონზე მიღებული მხარდაჭერისთვის, მადლობის ნიშნად სხდომათა დარბაზში რამდენიმე ქვეყნის დროშა გაშალეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ შორის საქართველოს დროშა იმ მიზეზით არ იყო, რომ დეპუტატებმა კონკრეტულად იმ ქვეყნების მიმართა გამოხატეს ამ ფორმით მადლიერება, რომლებმაც ქვეყანას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

“რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები – საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – ავრცელებს “საქართველოს პირველი არხი” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის კომენტარს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რადაში საგაზაფხულო სესიის გაიხსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს დესპანი, ლევამ წურწუმია ესწრებოდა, რომელმაც უკრანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

იტვირთბა....