ავსტრიაში 18 წელს ზევით პირებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატატის დეპუტატებმა უკვე დაუჭირეს მხარი. როგორც Euronews წერს, კანონი 3 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევრო დაეკისრებათ. ამით, ავსტრია ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ყველა სრულწლოვანი მაცხოვრებლისთვის სავალდებულოს გახდის.
კანონი არ შეეხება ორსულებს და იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ვაქცინის გაკეთება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული.
ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეების ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას არ ეთანხმება და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
არსებული ინფორმაციით, კანონის მოქმედება 2024 წლის 31 იანვრამდეა გათვლილი, თუმცა, კოვიდვითარების შესაბამისად, ეს შეიძლება გადაიხედოს.