გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ოჯახისთვის ბაკურიანში ტყე არავის უჩუქებია და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, იგივე წესით იკისროს გარკვეული ვალდებულებები და თავადაც გახდეს ტყის ობიექტის იჯარით მფლობელი.
“შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ ასევე საიჯარო ვალდებულებებით. არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, ეს იყო ღია აუქციონი, არავისთვის დამალული, კანონის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება. თქვენც შეგიძლიათ იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, რომ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები იკისროთ”, – ამის შესახებ დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუხადა.
მისი თქმით, პრემიერის ოჯახი კანონმდებლობის შესაბამისად წელიწადში 5000 ლარს გადაიხდის.
“ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ჩვენ ასზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, შეიძლება ეს იყოს მის საცხოვრებელ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე კარგად იყოს მოვლილი. ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, ამიტომ კერძო სექტორის ჩართვის გარეშე გაგვიჭირდება, რომ ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, როგორიც გვინდა”, – ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილისთვის ბაკურიანში, 5 958 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე არსებული ტერიტორის 49 წლით სარგებლობის უფლებით გადაცემას საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.