ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტის საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება როგორც ფრაქციის შიგნით მოლაპარაკებების, ისე, პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების აზრის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
“რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობები, თუ როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა დღეს ჩვენ, მაგრამ შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული რეჟიმის მიერ, რაც ჩვენ მიგვაჩნია და არამარტო ჩვენ – საერთაშორისო საზოგადოება არის ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ეს არის რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ ამ კომისიაზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენას და მის გამოკითხვას მოითხოვენ.