ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 პროცენტზე აქვს თერმული დამწვრობა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, სადაც რვავე დაშავებული გამთენიისას, კატასტროფის ბრიგადებმა ტყიბულიდან გადმოიყვანეს.
“სამი მათგანი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ხუთი დაშავებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და ტრავმები. რეანიმაციაში მყოფი სამივე პაციენტის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, განსაკუთრებით, ერთი გვყავს მძიმე, სხეულის 60 პროცენტის თერმული დამწვრობით”, – აცხადებს დამწყვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, ტყიბულში გვიან ღამით მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.