„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით გამოდიან.
შოთა ბურჯანაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტები“ ვეღარ მუშაობს და მხოლოდ ეკონომიკას აბრკოლებს. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაციების გაგრძელების პირობებში, სარესტორნო სფერო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
„ძალიან მარტივია დღეს რეალობის ახსნა, ეპიდემიას ვერავინ ვერ ერევა და აკონტროლებს. რეალურად, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, მეექვსე ფაზაში, 18-17 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად. დღესდღეობით რა შეზღუდვებიც არის დაწერილი ფურცელზე, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისი არ არის რეალურად. ამით კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, იკარგება სამუშაო ადგილები. ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. ჩემი დღევანდელი მესიჯი არის, რომ უაზრო სანქცია, რომელიც არაფრის მაქნისია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დამაბრკოლებელი“, – აცხადებს ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც 1TV ავრცელებს.