ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: განცხადებები, რომ მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული, ტყუილია, გულზე სკდებიან, ასე რომ არ არის

“ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ინფექციონისტის თქმით, ომიკრონის ფართოდ გავრცელების შემდეგ ევროპასა და ამერიკაში ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები ფიქსირდება და ამ მხივ, არც საქართველოა გამონაკლისი.
“რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს. ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%.
არცერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარად მიტოვებაზე.
მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად. ითანამშრომლეთ ექიმებთან. ატარეთ პირბადე. აიცერით! აიცერით! აიცერით! რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია”, – წერს ცერცვაძე.
იტვირთბა....