ბაკურიანში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის კუთვნილი სახლის სიახლოვეს ადგილობრივები შეიკრიბნენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც იქ იმ ტერიტორიის სანახავად ჩავიდნენ, რომელიც პრემიერის ცოლის სახელზე გაფორმდა. როგორც “ერთიენი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები ხელისუფლების მითითებით მივიდნენ და მათ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
“იმ ტყეში გვინდოდა მისვლა, რომლის ტერიტორიაც გადასცეს ნუნუკა თამაზაშვილს. ფაქტობრივად, ეს მისი უკანა ეზოა. მოაბილიზეს მათ შორის საჯარო მოხელეები და იცავენ ღარიბაშვილის ქონებას. უდიდესი ტრაგედიაა ხალხო ეს. თვითონ გაჭირვებული ხალხია ნახევარზე მეტი, მშიერია, მგონი დაწყვეტილები და იცავენ ვის, ღარიბაშვილს და ვისგან იცავენ, ხალხის ქონება რომ მისცეს მაშინ არ გააპროტესტეს და ახლა პოლიციასთან ერთად მოიყვანეს ეს ხალხი. ეს არის დღეს ღარიბაშვილის სახე”, – ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, ადგილზე პოლიციის კორდონი დახვდათ, რომელსაც თამაზაშვილის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს 5 958 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე არსებული ტერიტორია 49 წლით სარგებლობის უფლებით გადაეცა.