ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პირველ პირს, ვლადიმერ ზელენსკის შორის ხუთშთაბათს სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. როგორც CNN უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, “ხანგრძლივი და გულახდილი” საუბრის დროს, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ “თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის დიდი ალბათობა არსებობს”.
“თანამდებობის პირის თქმით, ახლა უკვე, უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად გარდაუვალია და რუსეთი თებერვალს ელოდება, რომ მიწა მოიყინოს”, – წერს “სიენენი”.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის პასუხად უკრაინის პრეზდენტმა ბაიდენს “უფრო თავშეკავებული განცხადებების” გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომავალი მუქარა კვლავ საშიშად, თუმცა, ორაზროვნად და საეჭვოდ რჩება.
ამასთან, CNN წერს, რომ თეთრმა სახლმა უკრაინელი თანამდებობის პირის ვერსია პრეზიდენტების საუბრის შინაარსთან დაკავშირებით უარყო და განაცხადა, რომ ანონუმური წყაროები “სიცრუეს ავრცელებენ”. ოფიციალურ ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ბაიდენმა ზელენსკი მხოლოდ იმის თაობაზე გააფრთხილა, რომ მოახლოებული თავდასმის აშკარა შესაძლებლობას ხედავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს და უკრაინის პირველი პირების საუბარი ერთი საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.