ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის ელჩი “ოცნების” რეზოლუციაზე: ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არა პარტიასთან, არამედ ქვეყანასთან

უკრიანი ელჩმა, იგორ დოლგოვმა შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელმაც ქართული საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა მასში რუსეთის არ ხსენების გამო. როგორც დოლგოვმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ყველა სახის მხარდაჭერა სასარგებლო და დასაფასებელია.

“უკრაინაში ვაფასებთ ყველა სახის მხარდაჭერას – იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური, იარაღით, საბრძოლო მასალით, რეზოლუციით, რითაც იქნება – ყველაფერი სასარგებლოა, რადგან ვთლით, რომ მხარდაჭერის ეს გზები, ეს ნიშნები არის დამატებითი აგურები ჩვენი საერთო კედლისთვის, რომელიც დაგვიცავს აგრესიისგან. ასე რომ, ყველაფერი ფასეულია”, – ამბობს უკრაინის ელჩი.

დოლგოვის თქმით, ქართველი ხალხის მხარდაჭერას ყოველდღე გრძნობენ და უკრაინას ურთიერთობა არა კონკრეტულ პარტიასთან, არამედ საქართველოს სახელმწიფოსთან აქვს.

“ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვიღებთ სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სიგნალს პოლიტიკოსებისგან, კომპანიებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან, აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით და ყოველდღე ვრწმუნდებით ამაში, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით არის. გუშინ, მაგალითად, სრულიად მოულოდნელად ჩვენს ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი საქართველოს მოქალაქისგან, რომელსაც სურდა უკრაინაში საომრად წასვლა, უკრაინის დასაცავად წასვლა. და ასევე ვიცით, რომ ქართველები არიან უკრაინის ფრონტზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი – უკრაინისა და საქართველოს საერთო საგანძური. ეს ჩვენი ღირებულებაა – ურთიერთმხარდაჭერა, ერთად ყოფნისთვის მზადყოფნა არა მხოლოდ რეზოლუციებში, არამედ ყოველდღიურ საქმეში. მე აქ წარმოვადგენ უკრაინის სახელმწიფოს და არა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ ურთიერთობა გვაქვს საქართველოს სახელმწიფოსთან და არა პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტთან ან პარლამენტის წევრებთან, არამედ ქვეყანასთან, ერთად – საქართველოსთან“, – ამბობს უკრაინის ელჩი.

იტვირთბა....