ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურორი: პოლიციელები უარყოფენ, რომ მეტროში შშმ პირზე ძალადობის კადრებში ისინი არიან

ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები უარყოფენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არიან ასახული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არსებობს ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელის ჩვენება, რომელმაც მისი თანამშრომელბი ვიდეოჩანაწერში ამოიცნო.

“თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას მეტროსადგურ “ისნის” შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმორიგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურეობრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. თუმცა, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თანამშრომელია გამოკითხული, რომელმაც ვიდეოჩანაწერებში ორივე პირი ამოიცნო. მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ფიქსირდება”, – აცხადებს ჩხეიძე.

პროკურორის თქმით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდება.

მომხდარზე დაკავებული არიან პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე, რომელსაც ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ და პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....