NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ეკონომიკური სიდუხჭირე მთავარ გამოწვევად რჩება. კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის საკითხებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – სიღარიბე, ფასების ზრდა და სამუშაო ადგილებია.
კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის საკითხებიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვნად სიღარიბეს, ფასების ზრდას და სამუშაო ადგილებს ასახელებენ როგორც “ქართული ოცნების” და კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხარდარდამჭერები, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია, რომელსაც ემხრობიან.
მოსახლეობის უმეტესობა უმუშევრობის და ფასების ზრდას ასახელებს მთავარ ეკონომიკურ პრობლემებს შორის.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს და ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.
“ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ
აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა.
მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების
ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად
უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და
საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ”, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ალან გილამი.