საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების რისკების გამო, კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის რეგულაციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
“კრიპტოვალუტების მიმართულებით ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის შემუშავება. დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა; აშშ-მა უკვე გამოსცა გარკვეული რეგულაციები როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის რეგულირება და ჩვენც ვმუშაობთ, რომ ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს ბაზრის რეგულირება. ეს ერთის მხრივ, შეიძლება შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პირიქით, მიეცეს მეტი სითამამე ზოგიერთ მოთამაშეს, რადგან პირიქით, ფულის გათეთრების მიმართულებით ნაკლები კითხვები იქნება,” – ამბობს პაპუნა ლეჟავა.
ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ უცნობია.