ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის სკანდალური განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ხელისუფლების სახელით ბოდიში მოუხადა. Европейская правда-ს ცნობით, პრემიერმა ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხორვატიის პრეზიდენტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია რეგიონიდან სამხედროებს გამოიყვანს, ხელისუფლების პოზიციას არ ემთხვევა.
“იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცები არ არიან, ხოლო პოლონეთში მყოფი კონტინგენტი უკვე დაბრუნებულია, არ ვიცი, კონკრეტულად რომელი მებრძოლების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინის თაობაზე ჩვენს პოზიციას არ გამოხატავს და ხელისუფლების სახელით, უკრაინელი ხალხის წინაშე პატიებას ვითხოვ ასეთი აბსურდისთვის”, – წერს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, 25 იანვარს პრეზიდენტმა მილანოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრანაში შეჭრის შემთხვევაში, ხორვატია სიტუაციას განერიდება.
“ამასთან არაფერი გვექნება საერთო. თუ ესკალაცია იქნება, ჩვენ (რეგიონიდან) უკანასკნელ ხორვატიელ ჯარისკაცსაც გამოვიყვანთ. ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის”, – ამბობდა პრეზიდენტი.
ამაზე პასუხად, ოფიციალურმა უკრაინამ ხორვატიის ელჩი, ანიცა დჟამიჩი განმარტების გასაკეთებლად დაიბარა.
“ხორვატიის პრეზიდენტმა თავისი უმადურობის დემონსტრირება მოახდინა იმ დახმარების პასუხად, რომელიც უკრაინამ ხორვატიას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას და ასევე, გამანადგურებელ ხანძრებთან გამკლავების კუთხით აღმოუჩინა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს უმადურობა პრეზიდენტის პიროვნული თვისებაა და არ განიხილება ხორვატ ერში, რომელთანაც მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს”, – ნათქვამია უკარინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.