ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” შს მინისტრს და პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს

პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. როგორც პარტიის წევრებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ისნის მეტროსადგურში შშმ პირზე პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობას არ განიხილავენ, როგორც ცალკეულ გადაცდომას და თვლიან, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელზეც ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2018 წელს, როდესაც ხელისუფლების გუნდში გიორგი გახარია იყო, სამართალდამცავ უწყებებში მათ მიერ დაწყებული სისტემური განახლება დღეს ხელისუფლებას შეჩერებული აქვს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით ის ერთადერთი უწყებაც გაუქმდა, რომელიც ძალადობის აღკვეთაზე მუშაობდა.
“მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მყისიერ რეაგირებას, თუმცა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში სისტემურად შემდეგ მიზეზთა გამო – როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს დავიწყეთ სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანიც გახლდათ საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულებების აღმოფხვრა. ამ მიზნით შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ამ მიზნით დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა, გამკაცრდა პოლიტიკა, მათ შორის, ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს არის გაჩერებული. დეპარტამენტის გაძლიერება და მანდატის გაზრდა არ მომხდარა. საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა. უფრო მეტიც, ერთადერთი სამსახური, ძალადობის აღმკვეთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. შედეგი სახეზეა, ამიტომ, ვიბარებთ ამ ადამიანებს პარლამენტში, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, რათა საზოგადოებას აუხსნან, გასცენ შესაბამის შეკითხვებს პასუხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
იტვირთბა....