ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც სასამართლოში თოლორაიას ინტერსებს დაიცავს.
“გასაჩივრებული ნორმების თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, შესაბამისად, თანამდებობებიდან თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი – ლონდა თოლორაია. სადავო ნორმები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ჩამოყალიბებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია დაინიშნა 2019 წლის 3 ივლისს, 6 წლის ვადით. შესაბამისად, მას ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე იქნებოდა 6 წლის ვადის განმავლობაში. თუმცა, სადავო ნორმით, მოსარჩელე ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება შეუწყდა 2 წლის და 8 თვის გასვლის შემდეგ. ამგვარად, სადავო ნორმით ირღვევა მოსარჩელე ლონდა თოლორაიას კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება.
ლონდა თოლორაია ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. დამატებით, ვინაიდან სადავო ნორმების თანახმად, მოსარჩელეს უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს, ხოლო ამ დროისათვის დასრულებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ნაწილად – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურად და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად გაყოფის პროცესი, არჩეული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.