თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთავისა და თბილისის მიწისზედა მეტროთი დამაკავშირებელი პროექტის დაწყება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, კალაძე ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სამუშაოები ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მერიას კი სხვა უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განსახორციელებელი.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ დაქირავებული გვყავდა ევროპული კომპანია, რომელიც აკეთებდა კვლევებს, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. იყო ორი მიმართულება – სამგორი-ლილოს მიმართულება და მეორე ეტაპი იყო რუსთავთან დამაკავშირებელი მეტროს გზა. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელება ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დაველოდოთ, იმიტომ რომ არის სხვა კიდევ უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი პროექტები ქალაქისთვის, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით”, – აცხადებს კალაძე.