სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, მთავრობა არარეალურ დაპირბებეს აძლევს, რაც მათ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
“რა შემოთავაზებაც გვქონდა, ეს არის არარეალური. რაც შეეხება ქირას, ესენი კვირაში ორჯერ მაინც იცვლებიან, თავიანთ გადაწყვეტილებებსაც ცვლიან და ჩვენ არ ვემხრობით ქირას”, – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუსთავი 2-ს.
“ახლა კი არა, ყოველთვის ამას ამბობენ და გვპირდებიან, წელს გადახვალთო. იმ 550 დოლარად, თუ როგორც არის, ვერ ვყიდულობთ ჩვენ ბინებს, შეუძლებელია უბრალოდ, ვეძებეთ, მაგრამ ვერა”, -აღნიშნა კიდევ ერთმა დევნილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დაპირებისამებრ, სანატორიუმ „ქართლში” მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებენ და მათ ამისათვის ორი გზა აქვთ.
“დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 $-ის ექვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო. მათ ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”, – განაცხადა პრემიერმა.