ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროს და მთავრობის სხვა წევრების გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, მათ შორის, კოვიდ საშვების მოქმედებას. როგორც “ეურონიუსი” წერს, ხელისუფლების ინფორმაციით, დემონსტრაციაზე დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო შეკრებილი. არსებული ცნობით, ისინი პოლიციამ გააფრთხილა, რომ უკვე დაშლის დრო იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები ამ მოწოდებას არ დამორჩილდნენ, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც დასავლურ მედიაში იწერება, ამას არეულობა მოჰყვა, რა დროსაც, დემონსტრანტებმა ევროკავშირის ერთ-ერთი შენობის მინა ჩაამტვრიეს, ქუჩაში ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, სკამებს და ა.შ.
კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ უქმეებზე ევროპის სხვა დედაქალაქებშიც მოეწყო საპროტესტო გამოსვლები. აქციის მონაწილეები რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის, პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის და კოვიდგადატანილის სტატუსის მოთხოვნას აპროტესტებენ.