ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება

პატრიოტიზმი – სიყვარულის უმდაბლესი ფორმა

სული და არსი იმისა, რასაც ჩვეულებრივ პატრიოტიზმში გულისხმობენ, ყოველთვის იყო და არის – მორალური მშიშრობა.” მარკ ტვენი
– სადაური ხარ?
– ქართველი. – ჩვეულ კითხვაზე ჩვეული პასუხი. არავინ გასცემს იგივე შეკითხვაზე სხვანაირ პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით დასმულ ამავე შეკითხვას შეიძლება ასობით და სხვადასხვა პოტენციური პასუხი მოჰყვეს, “ქართველი” მაინც ფუძე პასუხია… ისევე როგორც უკრაინელი, ესპანელი, ბურკინა-ფასოელი და ასე შემდეგ, საზღვრებისა და სახელმწიფოთა დასახელებების მიხედვით.

ჩვენი, ადამიანების უმრავლესობის, თვითიდენტიფიკაცია იწყება (და საუბედუროდ მთავრდება კიდეც) ჩვენი ეროვნებაზე კუთვნილებით. რასაკვირველია ძნელია ვინმე ფილიპინელის იმაში დაჯერება, რომ ის ფილიპინელი მეორე, მესამე, ან სულაც მეოთხე რიგშია და მისი პირველადი წარმომავლობა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე რასა და მით უფრო ეროვნება. რასაკვირველია ძნელია ადამიანი დააჯერო იმაში, რაც მის აღმქმელობას აღემატება, ოღონდ… ეს თუ გაიაზრეს კაცობრიობის იმ წარმომადგენლებმა, ვის ნააზრევსაც და ნამოქმედარსაც სახელმძღვანელოდ მივიჩნევთ, მაშინ ის ნაფიქრი, რომელიც ამ ხალხმა გაიფიქრა და გაახმოვანა, ნებისმიერი ჩვენგანისთვისაც მიწვდომადი უნდა იყოს.
იგივე შეკითხვაზე რომელი ერთი უპასუხებთ – “ამა და ამ ქუჩელი, ამა და ამ ჩიხელი, ამა და ამ სადარბაზოელი”? – ვგონებ არცერთი. საკუთარი თავის ეროვნებასთან გაიგივება რასაკვირველია იდენტიფიკაციის მაღალი ფორმაა, ოღონდ არა უმაღლესი!.. მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტიზმი ერთგულების ერთგვარი გამოვლინებაა, ის ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის დაბალგანვითარებულობაზე მიანიშნებს და ერთგულების, როგორც ცნების, დადებითობის მიუხედავად უარყოფითი გაგებაა. უარყოფითია იმდენად, რამდენადაც სხვაზე უპირატესობას არგუმენტის გარეშე აღიარებს და ცნობს. უარყოფითია იმდენად, რამდენადაც საგნების ობიექტურ შეფასებას არის მოწყვეტილი.
ბერნარდ შოუმ თქვა – მშვიდ მსოფლიოში ცხოვრება არ გიწერიათ, სანამ კაცობრიობა, თავის ჯიშიდან, პატრიოტიზმს არ განდევნისო… მოდი და ნუ დაეთანხმები! ეგვიპტეც, მაკედონიაც, რომიც და ბიზანტიაც, საფრანგეთიც, გერმანიაც… ყველამ, ვინც მსოფლიო ბატონობაზე გაიწია, გაიწია ერთადერთი მოტივით – საკუთარი ეროვნებისა და საკუთარი ერის სხვაზე აღმატებულებით… სიმდიდრე იმ მთავარსარდლების მეორადი მოტივი იყო მხოლოდ, და არამც და არამც პირველადი. ნუ, რასაკვირველია ოდნავ მეტი, ვიდრე უცნაური იქნება იმ ადამიანის მოსმენა, რომელიც პირველ შეკითხვაზე პასუხად – ევროპელს, აზიელს, დასავლეთ-აღმოსავლეთ სფეროელს, ან დედამიწელს გაგცემს, მაგრამ არ იქნება უცნაური (არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში) საკუთარი პიროვნების ასეთად აღქმა. მე ისევე არ ვარ ქართველი პატრიოტი, როგორც პირველი კორპუსის პირველსადარბაზოელი… უფრო სწორად მირჩევნია არ ვიყო ასეთი. მიკერძოებულობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი ცნებაა და პატრიოტიზმი იმდენად დიდი დოზით შეიცავს მას, რომ ხშირად აშკარად უარყოფითი, აშკარად ბოროტი გაგებების მხარდამჭერს გხდის. პატრიოტიზმი კეთილშობილი ნაკლიაო – ოსკარ უაილდი ამბობს და ძნელია მასაც არ დაეთანხმო… კეთილი ზრახვების არასწორი ინტერპრეტაციაა პატრიოტიზმი ხშირად. კი ბატონო, ერები, ენები, კანის ფერები და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან განგვასხვავებს, საინტერესოს ხდის როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას, ისე ზოგადად ცხოვრებას, მაგრამ… “ჩემი შენზე უპირატესობა”; “ჩემი განსაკუთრებულობა” იმდენად მდაბალი შეგრძნებაა, რამდენადაც სიყვარულისგან, და ესე იგი ყველაფერი კარგისგან, შორს მდგარი. პატრიოტიზმი ხომ ავტომატურად (თუმცა ხშირად გაუთვითცნობიერებლად) დაპირისპირებას გულისხმობს?! გულისხმობს იმ ადამიანებთან შეჯახებას, რომლებიც თავის მხრივ პატრიოტული შეგრძნებით არიან ანთებულნი და გიპირისპირდებიან შენ… პატრიოტიზმი გამოუთქმელი, გამოუცხადებელი ომია! იგივე ბერნარდ შოუმ თქვა: პატრიოტიზმი – იდიოტიზმის ფსიქოპატური ფორმაა… ნუ, ნახევრად მტკიცებით ფორმაში აქაც შეიძლება ადამიანი დაეთანხმოს. ადამიანი, რომელიც, ზედმეტი კითხვების გარეშე, გარემოს მხოლოდ იმიტომ ეთანხმება, რომ ის მისი გარემოა, მთლად მოაზროვნედაც ვერ ჩაითვლება… პატრიოტების 90% კი ზუსტად ასეთი ადამიანებისგან შედგება!.. ადამიანებისგან, რომელთაც, კი, გასაგებია რომ უყვართ თავისი მიწა, თავისი ის მონაკვეთი, რომელთანაც სიახლოვეს ყველაზე უფრო მეტად გრძნობენ, მაგრამ მათი ეს სიყვარული ზუსტად იგივე თანაფარდობაშია სიყვარულთან მნიშვნელოვანთან და ნამდვილთან, როგორც სადარბაზოს სიყვარული ქვეყნის სიყვარულთან. პატრიოტიზმი სიყვარულის ფორმაა, თუმცა არა მისი უმაღლესი ფორმა… მე ვიტყოდი უმდაბლესიც კი. უმდაბლესი, რამეთუ ვიღაცის მიმართ უპირატესობის შეგრძნება თავისთავად უკვე სიმდაბლეზე მიანიშნებს… ასეთი შეგრძნება კი პატრიოტიზმის აგურია.

გვიყვარდეს ადგილი, ხალხი და დრო… გვიყვარდეს ყველაფერი ის, რაც ჩვენს გარშემო და დღეს ხდება, ოღონდ… ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და მერე ქართველები… ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა დასაწყისს აქვს თავისი დასასრული.

ვასო შონია

 

 

იტვირთბა....