ხელოვნების მუზეუმის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ნატა ფერაძის განცხადებით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების შემთხვევაში საქმეს ვერ ეშველება და მას ხელისულფების მორიგი პაიკი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ფერაძემ კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც ხელოვანებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება გააპროტესტეს.
”ოცნების არაერთი გადამდგარი ნაგავი მინისტრი და პრემიერმინისტრი ვნახეთ. ერთი ნაგავი მეორეთი იცვლება, რა თქმა უნდა, სასურველია წულიკიანის გადაყენება, მაგრამ სასურველია მთელი ოცნება წავიდეს. დღეს წულუკიანის გადაყენებით არაფერ საქმეს არ ეშველება და მოვა ახალი პაიკი.
ჩვენი მუზეუმის საინიციატივო ჯგუფი ვაპროტესტებთ ყველაფერს, დაწყებული კადრების გათავისუფლებისგან და არაკვალიფიციური კადრების მოყვანით, რომლებიც სრულიად სხვა სფეროდან არიან მოყვანილი. ასევე, ვაპროტესტებთ იმას, რომ კანონი უხეშად ირღვევა და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ საჯარო ინფორმაციას ვერ ვღებულობთ რა ბედი ელის მუზეუმის შენობას, რა ბედი ელის მუზეუმის კოლექციებს, ევაკუციის გეგმა როგორი არის. ეს არის განძი, ეს არის ერთ-ერთი ღერძი და ხერხემალი საქართველოს ისტორიის და ის აბარია წულუკიანს, პატარა დაკომპლექსებულ ქალს, რომელმაც მოიგდო ძალაუფლება ხელში და ეხლა ასე თამაშობს ჭადრაკის დაფასავით. ეს მას არ გაუვა”, – განუცხადა ტელეკომპანია პირველს ნატა ფერაძემ.