არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე გამოეხმაურა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მეუფე ნიკოლოზმა ხელისუფლებას შესთავაზა, მიხეილ სააკაშვილი მის ეპარქიაში გადაეყვანათ შინაპატიმრობაში. “პირველი არხის” ინფორმაციით, ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არც იურიდიულ ნორმასთან შესაბამისია და არც მორალურ კატეგორიასთან.
“რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სააკაშვილის შინაპატიმრობაზე, ეს იურიდიულ ნორმასთან შეუსაბამოა და ასევე შეუთავსებელია მორალურ კატეგორიასთან. მან უკეთ იცის, რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საპატიმროებში და არ ჰქონია ასეთი გულშემატკივრობა და დაინტერესება რეჟიმის მსხვერპლებთან”, – აღნიშნავს კაკაპაძე.
ამასთან, ნანა კაკაბაძის თქმით, სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არ აქვს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის უფლება.
“როგორც ექიმები და მისი გარემოცვა ამბობენ, სააკაშვილს აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები და წარმოაჩენენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პარტიის მთავარ ფიგურას. მუდმივადაა დესტრუქციული მოწოდებები მედიაში, რომელიც მცირე ჯგუფის ყურადღებას იპყრობს, არაა გამორიცხული სახელმწიფოსთვის არასასურველი პროცესები განავითაროს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. მის მიმართ კანონიც არ მუშაობს საკმარისად და ჩვენი კანონმდებლობა მკაცრად განმარტავს, რომ არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩართულობის უფლება პოლიტიკაში“, – განაცხადა კაკაბაძემ.