ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯოკოვიჩი, შესაძლოა, აუცრელობის გამო საფრანგეთის ღია პირველობაზეც არ დაუშვან

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ როლან გაროსსაც გამოეთიშოს. საფრანგეთში დაგეგმილს ყველა სპორტულ ღონისძიებაზე ათლეტები მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაიშვებიან, შესაბამისად, ჯოკოვიჩი აცრის გაკეთების გარეშე ვერც საფრანგეთის ღია პირველობაზე შეძლებს ასპარეზობას.

ის, რომ ტურნირზე გამონაკლისი არავისთვის არ დაიშვება, ხაზგასმით აღნიშნეს საფრანგეთის სპორტის სამინისტროში.

“როლან გაროსის ჩატარება მაისშია დაგეგმილი. ამ დროის განმავლობაში, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი უფრო მოსახერხებელი გახდება. ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ცხადია, არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება”, – ავრცელებს “როიტერსი” სპოირტის სამინისტროს განცხადებას.

ჯოკოვიჩი დეპორტაციით ახლახან გაუშვეს ავსტრალიიდან. ამას წინ უძღოდა  სასამართლო პროცესი, რომელზეც ნოვაკი ხელისუფლების მიერ მისთვის გაუქმებული ვიზის აღდგენას მოითხოვდა, თუმცა, პროცესი წააგო.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკს ავსტრალიაში შესვლა სამი წლით აეკრძალა, თუმცა, როგორც გამოცემა The Sun იუწყება, სასამართლო დადგენილებაში მითითებულია, რომ აკრძალვა “გარკვეულ სიტუაციებზე არ გავრცელდება”.

იტვირთბა....