საბერძნეთში 60 წელს ზემოთ მყოფ არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ მანამ, სანამ კოვიდსაწინააღმდეგო ინექციით არ აიცრებიან. უცხოური მედიის ცნობით, ეს წესი დღეიდან იწყებს მოქმედებას და იანვარში ჯარიმის ოდენობა 50 ევროს შეადგენს, შემდეგი თვიდან კი 100 ევრომდე გაიზრდება.
ხელისუფლების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდისა და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. მთავრობის ინფორმაციით, 60 წელს ზემოთ მყოფ პირთა 90 პროცენტი ვაქცინირებულია, ანაც, ვაქცინაციის ცენტრებში ვიზიტი აქვთ დაჯავშნილი, ხოლო ამ დროის მონაცემებით, ჯარიმა 300 000 ადამიანს ემუქრება.
ამასთან, საბერძნეთში არავაქცინირებული სამედიცინო პერსონალი საქმიანობას ჩამოაშორეს და ისინი სამსახურის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ არიან. ზოგიერთი მაღალჩინოსანი 50-59 წლის ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ინიციატივითაც გამოდის, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.
ქვეყანაში კვირა დღის მონაცემებით, 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 95 შემთხვევა დაფიქსირდა, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების რაოდენობამ კი 680-ს მიაღწია.