“ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს” – ასე შეაფასა დღეს ჯოკია ბოდოკიას განცხადებები საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
„უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელობა და თბილისის მერიც. უნდა გაირკვეს რატომ არის, რომ თბილისელების ბიუჯეტი ხმარდება ერთი ადამიანის ნება-სურვილების განხორციელებას და რატომ არის, რომ თბილისელების პრობლემები იქმნება სწორედ იმიტომ, რომ თბილისის მერიაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სასჯელს პანორამა თბილისის საქმესა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ირაკლი აბესაძე კი თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.
“რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება სულ რამდენიმე თვეში ნარმანიას მიმართ – ივანიშვილი ნარმანიას საკუთარ მეორე შეცდომას უწოდებს, მას შემდეგ რაც პროექტ “პანორამა თბილისის” განხორციელებას, უკვე მერიაშიც პრობლემა შეექმნა. ამის შემდეგ, ივანიშვილმა ნარმანიას მარგიშვილის გათავისუფლება მოსთხოვა, – ეგ ლოტოს კოჭი მანდ აღარ დავინახოო. ნარმანია ამაშიც შეეწინააღმდეგა ივანიშვილს. ამის შემდეგ, ივანიშვილს თამაშში შეჰყავს მისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურები. კერძოდ, შს სამინისტრო გომელაურის ხელმძღვანელობით და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. მათ დაევალათ მარგიშვილის პასუხისგებაში მიცემა. დაიწყო ჩემი ხელმძღვანელის გეგი ნიჟარაძის დაბარება კვირაში 3-4-ჯერ ე.წ. მოდულის შენობაში. რამდენჯერმე იგი მეც მივიყვანე იქ. გააქტიურდა აგენტურული მუშაობა, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატი მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმჟამინდელი სუს-ის ხელმძღვანელის, მირიან მჭედლიშვილის ძმაც არის. “ხელი უნდა დამედო ალექსანდრე მარგიშვილისთვის, ვითომ მისი მითითებით ვმოქმედებდი. მთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას და 5 ათასიან ჯარიმას. თუმცა რამდენიმე ახალი პირობა გადმომცა ადვოკატმა, რამე ხომ არ ვიცოდი მარგიშვილზე ამ საქმის გარდა. ვუთხარი, რომ მარგიშვილზე არაფერი ვიცოდი და რაღა უნდოდათ, ის ხომ მოხსნეს და მიზანი მიღწეული იყო. ადვოკატმა მითხრა, ის მოითხოვს, რომ დაიჭირონო. ვინ ის, კაცი შუშის სასახლიდანთქო? – ვკითხე და ხმამაღალი ხმით გადაფარა ჩემი ხმა და მითხრა, კედლებს აქაც ყურები აქვსო.”- განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.
შეგახსენებთ, 2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებული ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.