ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაცვლიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: მთავარი მიზანი მიღწეულია – ეს იყო ანაკლიის პორტის შეჩერება

“მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, მოქალაქეს თუ მედიას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სიმართლის მხარეს იდგნენ ტროლ-ბოტების და სახელისუფლებო მანქანის ბინძური მუშაობის მიუხედავად. დღეს დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე არაფერ კავშირში არ იყო კანონთან“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სამართლებრივი დევნის მიზანი ანაკლიის პორტი იყო და ხელისუფლებამ თავის მიზანს მიაღწია.

“არ დაგვავიწყდეს, რა იყო მთავარი მიზანი და სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ეს მთავარი მიზანი მიღწეულია – ეს იყო ანაკლიის პორტის შეჩერება. ამით, საქართველოს ჩაარტყეს ზურგში ლახვარი. დღეს, ჩვენ რომ გვქონდეს ანაკლიის პორტი, როგორც ეკონომიკურად, დასაქმების თვალსაზრისით, ფინანსურად, გეოპოლიტიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო იქნებოდა სხვა რანგში. ის მუქარები, რომლებიც მოდის რუსეთიდან, პირობის დაყენება ნატოსთვის და გეოპოლიტიკური თამაში საქართველოს გასარიყად, ამის ეპიცენტრი იყო ანაკლია, მაგრამ, ყველას მინდა ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ ეს თამაში დასრულებულია და ასეთი მაქინაციებით გავლენ ფონს – ანაკლია აშენდება და საქართველო გახდება ევროატლანტიკური სტრუქტურების ურყევი წევრი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, გადაკვალიფიცირდა ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს თაღლითობის მუხლით 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

 

იტვირთბა....