ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, რატომ რჩებოდა პარტია აქამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. როგორც უდუმაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, მაშინ, როდესაც მიხეილ საკითხის სიცოცხლის საკითხი იდგა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მორალური უფლება არ ჰქონდათ.
“ჩვენს ბოიკოტს თავისი ახსნა ჰქონდა – ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი იდგა დღის წესრიგში და ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევიდოდით პარლამენტში, მორალური უფლება არ გვქონდა უბრალოდ, ვერ შევძლებდით იქ მუშაობას, თუნდაც მნიშვნელოვან თემებზე, როდესაც საკითხი ასე იდგა – გადარჩებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ახლა, ალბათ დადგა ის დრო, როდესაც სწორედ საპარლამენტო კომისებიდანაც უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები”, – ამბობს უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჭირდება იმ კომისიისთვის 50 სადეპუტატო ხმის შეგროვება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.
“ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისიების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უკავია ხელში. ორი კომისიის შექმნა გვაქვს ჩვენ ინიცირებული და ვფიქრობ, რომ ეს კომისიები იქნება ძალიან ეფექტური, გააჩნია, როგორ შევჯერდებით ოპოზიციური პარტიები. ვფიქრობ, რომ არ იქნება არანაირი პრობლემა სააკაშვილის კომისიაზე 50 ხმის მოგროვების”, – აღნიშნავს უდუმაშვილი.