ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. როგორც ფეისბუქის მომხმარებელი ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, საქართველოში 9 იანვარს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, მისი რეისი გადაიდო, ხოლო იმ ქალაქში, სადაც კიდევ სამ ქართველთან ერთად იმყოფება, სროლებია.
“ყაზახეთში ვართ, კერძოდ, ალმაატაში. რეისებიც გადაიდო, ცხრაში უნდა გამოვფრენილიყავით. აქ ყველაფერი ჩაკეტილია, აეროპორტი, მაღაზიები და აბსოლუტურად ყველაფერი. გავიჭედეთ ერთი სიტყვით ოთხი ადამიანი აქ და ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ. მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვერ ვიყიდეთ. საკვების მხრივაც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ და ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია და ვერაფერს ვერ ვახერხებთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან არის, ხან ითიშება. საგიჟეთია ერთი სიტყვით“, – ამბობს ყაზახეთში მყოფი ქართველი.
ცნობისთვის, ყაზახეთში საწვავის გაძვირების გამო 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.