ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ მიიღეს თელმიკოს და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) აბონენტებმა დეკემბერსა და იანვარში ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადებზე ორ-ორი ქვითარი.
ენერგოომბუდსმენის თქმით, ამის მიზეზი სემეკის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხევლთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება, მანამდე კი აბონენტებმა ნოემბრის და დეკემბრის ხარჯები ერთიანად დაფარეს.
“წყალთან მიმართებაში, 2022 წლის იანვრიდან ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ქვითარი, რომელზეც დატანილი იქნება იანვრის ხარჯი და ყველაფერი იქნება გასწორებული. მომხმარებლებს უნდა ავუხსნათ, რომ წყლის კომპანიის მიმართ მათ ზედმეტი თანხები არ გადაუხდიათ, ვინაიდან, გაორმაგებული ხარჯი ასახული იყო სწორედ ორი თვის ქვითრიდან გამომდინარე, რომელიც ნომბრის და დეკემბრის ხარჯებს ერთდროულად შეადგენს.
რაც შეეხება თელმიკოს აბონენტებს, მაგალითად, თუ ციკლი იყო 20-დან 20-მდე, შესაბამისად, მომხმარებელმა პირველი ქვითარი მიიღო დეკემბრის ოცში, მაგრამ, დეკემბრის ოცდაათში მან მიიღო დამატებითი ქვითარი, რაც იმას გულისხმობს, რომ ათი დღის ხარჯი კვლავაც ჩაითვალა მათი აღრიცხვის ბარათზე. ამის შემდეგ, მომხმარებელი იანვარში მიიღებს კიდევ ორ ქვითარს, მათთვის, ვისი ციკლიც გადადიოდა იანვრის თვეში, ხოლო თებერვლიდან ეს პრობლემა გასწორდება და მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქვითარს”, – განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ენერგოომბუდსმენმა.
სალომე ვარდიაშვილის თქმით, ამიერიდან აბონენტები კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებენ.