“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება… საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდეჯერაც ნებავთ, იმდენჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ.” – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვის საკითხზე.
შეგახსენებთ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები შედის. სწორედ ამის გამო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადამ შესაძლოა გადაიწიოს.