ეკონომისტი ლევან კალანდაძე მეტრონომთან აცხადებს, რომ აზერბაიჯანს დაახლოებით, ის პრობლემები ექმნება, რაც საქართველოს ზამთრის თვეებში
საქართველოს რუსული გაზის კომპანია „გაზპრომთან“ ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია. თუმცა, ქვეყანაში ეს საკითხი ძალიან აქტიურად განიხილება. პოლიტოლოგებსა და ექსპერტებშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა. მათ შორისაა ეკონომისტი ლევან კალანდაძეც, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდთან დაახლოებულ პერსონად აღიქმება. მან მედიაში შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ძალიან მარტივია – ჩვენ 11-დან 12 მილიონ კუბამდე დღიური მოხმარება გვაქვს. აქედან, 2-დან 2.5-კუბამდე დეფიციტი არსებობს. აზერბაიჯანი ამ დეფიციტს ვერ გვივსებს. ის დამატებით გაზს “გაზპრომისგან” თავად ყიდულობს იმიტომ, რომ თვითონ არა აქვს. ჯერჯერობით, ირანიდან გაზის შემოტანა შეუძლებელია და რჩება ”გაზპრომის” თემა.” – განაცხადა კალანდაძემ GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.
ჩვენც შევეცადეთ მასთან დაკავშირებას. “მეტრონომთან” საუბარში კალანდაძე აზერბაიჯანში რუსული გაზის იმპორტის მიზეზებს განმარტავს.
“2015 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, ანუ „სოკარმა“ გააფორმა „გაზპრომთან“ ხელშეკრულება წლიური ორი მილიარდი მოცულობის ბუნებრივი გაზის შეძენაზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თვითონ აზერბაიჯანში გაზის მოპოვების თვალსაზრისით არსებობს გაზის მოპოვების ტექნიკური ხარვეზები, საბადოების ათვისება სრულად ჯერ არ არის განხორციელებული. ასე რომ, თვითონ აზერბაიჯანს პიკის თვეებში ექმნება პრობლემა. ის გაზსაცავი, რაც აზერბაიჯანს აქვს, სრულად ვერ ფარავს და პიკის პერიოდში, როცა მოხმარება ძალიან იზრდება, აზერბაიჯანს დაახლოებით, ის პრობლემები ექმნება, რაც საქართველოს ზამთრის თვეებში. პიკის, ზამთრის თვეებში საკუთარი ენერგო ბალანსის, გაზის თვალსაზრისით დაბალანსებისთვის, აზერბაიჯანს სჭირდება დამატებითი სიმძლავრეები… საკუთარი რესურსი არ ჰყოფნით“. – აცხადებს კალანდაძე.
2015 წლის 11 სექტემბერს „გაზპრომ ექსპორტსა“ და „აზერბაიჯანის მეთანოლის კომპანიას“ (AzMeco) შორის მართლაც მოეწერა ხელი გაზის საშუალოვადიან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას 5 წლის ვადით, წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოცულობაზე. აზერბაიჯანში გაზის შიდა მოხმარება შეადგენს 10 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში.
კალანდაძე იზიარებს ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციას „გაზპრომის“ გაზის იმპორტის აუცილებლობაზე.
“აზერბაიჯანის მიერ დეფიციტის ვერ შევსება არ არის მხოლოდ გაზის მოცულობასთან დაკავშირებული. არსებობს ტექნიკური შეზღუდვებიც მილის გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. ახლა აზერბაიჯანის დელეგაცია ჩამოსული რომ იყო მათ განაცხადეს, რომ 6- 7 მლნ-მდე მოხმარებას გაზრდიან, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური ცვლილებები. კომპრესორების დამონტაჟების თვალსაზრისით, დამატებითი ინვესტიციები, ანუ აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ გაზის მოცულობა ექნება თუ არა „სოკარს“ საკმარისი საქართველოსთვის, საუბარია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც უკავშირდება მილის გამტარუნარიანობას. მილის გამტარუნარიანობა დამოკიდებულია კომპრესორებზე და სხვა“. – აცხადებს კალანდაძე.
“სოკარის” ხელმძღვანელსა და ენერგეტიკის მინისტრის გუშინდელ შეხვედრაზე მაჰირ მამედოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემები მოგვარდება. კალანდაძე ამტკიცებს, რომ ტექნიკური ხარვეზები მოგვარდება ერთი მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში, საქართველოს დეფიციტი კი 2-2,5 მლნ კუბზეა, დანარჩენილი მილიონი-მილიონნახევარი საიდანღაც უნდა დავაბალანსოთ.
კალანდაძე კმაყოფილია იმითაც, რომ „გაზპრომთან“ დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ეს გარკვეული ლავირების საშუალებას მოგვცემს, რადგან კალანდაძის თქმით, რუსეთი არასაიმედო პარტნიორია.
პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია ურყოფითად აფასებს საქართველოში რუსეთიდან გაზის შემოტანის საკითხს.
“აზერბაიჯანი საიდანაც არ უნდა იღებდეს გაზს, ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია საქმე გვქონდეს აზერბაიჯანთან ვიდრე-რუსეთთან. გუშინ უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული „გაზპრომის“ გაზისგან განთავისუფლდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსეთიდან წამოსულ გაზს აღარ მიიღებს. უკრაინა მიიღებს „გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის მიწოდებულ გაზს, ოღონდ ევროპა მიაწოდებს. საქართველოს შემთხვევაშიც “გაზპრომისგან” გათავისუფლება ნიშნავს სხვა პოლიტიკური ცენტრისგან ენერგორესურსის მიღებას“. – აცხადებს ცხადაია.
კალაძე საზოგადოებასთან სავარაუდოდ მალე გაასაჯაროებს, თუ რა სახის ხელშეკრულებას გააფორმებს „გაზპრომთან“, მანამდე კი სპეკულაციები ექსპერტთა თუ პოლიტიკოსთა წრეებში, დიდი ალბათობით, კვლავაც გაგრძელდება.
მარიამ ვარადაშვილი