ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხი გადავადდა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებები შედის. დღეს, ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც დეპუტატი ნოდარ ებანოიძე აცხადებს, შესაძლოა ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ვადამ გადაიწიოს.

“სამუშაო შეხვედრა იყო, ფრაქციებში გაგრძელდება ამ თემებზე მსჯელობა. ვადები როგორც ჩანს გადაიწევს უფრო გვიან ვიდრე წინასწარ იყო ნათქვამი ანუ მარტიდან არ ამოქმედდება. იქნება გონივრული ვადები,” – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

შს სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმაც. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტში არის ხარვეზები და მისი დახვეწა უნდა მოხდეს.

დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა სამინისტრო ცვლილებათა პაკეტის უკან გაწვევას არ გეგმავს. მან ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ცვლილებათა პაკეტში შესწორებები შევიდეს.

“ჩვენ კანონპროექტის გაწვევას არ ვგეგმავთ. პარლამენტშივე არის შესაძლებელი მასში ცვლილებების შეტანა” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

იტვირთბა....