ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: როდესაც ქვეყანა გეცლება, მაპატიეთ და საცივს ვერ მივუჯდებოდი

ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში საჯარო პოლიტიკა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტის წარუმატებლობის შემდეგ, მასობრივი შიმშილის კრიტიკა, უსამართლოა.

“პარლამენტში, სადაც მართვის ბერკეტები ოპოზიციას არ აქვს, სადაც შარლ მიშელს თავზე გადაახიეს საერთაშორისო შეთანხმება და ეს ცოდნა გვაქვს და ამ ფონზე ვაკრიტიკებთ უმძიფრეს საპროტესტო აქტს, უსამართლოა. ქალბატონ ზურაბიშვილს მის ინიციატივაში წარმატებას ვუსურვებ და ხელს შევუწყობ არა იმიტომ, რომ ჩვენ მზე და მთვარე ამოგვდის ერთმანეთზე”, – აცხადებს მელია.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები მასშტაბურ შიმშილობას იწყებდნენ და პროტესტის რადიკალურ გზას მიმართავდნენ.

“არა, არ იცოდა [მიხეილ სააკაშვილმა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ]. რთულია, გაიგოს ქართულმა ოცნებამ. მადლობა ღმერთს, მე და საზოგადოება, მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მე ვარ პარტიის არჩეული თავმჯდომარე, პირველად მოხდა და შემდეგ იმედია, ასევე იქნება 10, 20, 30 წლის შემდეგ და ეს ტრადიცია დამკვიდრდება ყველა პოლიტიკურ პარტიაში. პარტიაში კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელზეც ვაგებ პასუხს. ვფიქრობ, საკმარისასდ ვიცნობთ ერთმანეთს. ქართლი ოცნების პროპაგანდა კიდევ უფრო მახარებს. როდესაც ისინი წუხან, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე. მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება და ის თავისუფალ საქართველოში გათავისუფლდება. პოლიტიკური მართლმსაჯულება აღმოიფხვრება ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის რისთვისაც ვიბრძვი და თუ ვინმეს მართლა გონია, რომ ტყვედ აყვანილი ადამიანის გათავისუფლებისთვის მისმა მეგობრებმა არ უნდა იბრძოლონ, როდესაც იციან, რომ შანსი ნულია სამართლიანი სასამართლოს მომსახურების, ძალიან ცდებიან. თუ კი ვინმეს გონია, რომ სამოქალაქო მშვიდობა შეიძლება იყოს იმ მოცემულობაში, როდესაც ტყვეებად ყავთ ადამიანები რეჟიმს, ვერასდროს დავეთანხმები. პროტესტი კიდე უფრო გამძაფრდება”, – აცხადებს მელია.

ენმ-ის თავმჯდომარე შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასა და იქ სხვადასხვა პოლიტიკოსის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

“მაპატიეთ, მაგრამ ყველა მოყეფარ ძაღლს ვერ გავუჩერდები. წარმატებები გარდაუვალია. როდესაც აქეთ-იქით ხედავ, რომ ქვეყანა გეცლება სახელმწიფოებრივი საფუძვლების სახით, მაპატიეთ და საცივს ვერ მივუჯდებოდი და გაუმარჯოს საქართველოს ვერ ვიტყოდი. თუ კი ვინმე თვლის რომ ეს უფრო ეფექტური ბრძოლის გზაა, წარმატებები მას. იქნებ შეისმინოს სადღეგრძელო გამარჯვების ღმერთმა”, – განაცხადა მელიამ.

გუშინ, 21 ივნისს ნიკა მელიამ მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დააანონსა. იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ასევე იშიმშილებს 300-მდე ადამიანი. მოშიმშილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....