ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მერია: მოთხოვნა სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტური ტარიფების დაწესებაზე დაკმაყოფილდება

რუსთაველი სტუდენტები რუსთავი-თბილისის მიკრო ავტობუსებზე სტუდენტური ტარიფის დაწესებას მოითხოვენ. 2015 წლის 17 დეკემბერს რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ რუსთავის მუნიციპალიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც 2016 წლის ბიუჯეტში სტუდენტებისთვის სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვდნენ, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ” შექმნა პეტიცია, სადაც მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი დაწესდეს.

“რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილის სახით განცხადება შეიტანა, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არა უმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ხოლო აღნიშნული სხვაობა (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო ქალაქის ბიუჯეტიდან ან მოლაპარაკებოდნენ კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს”, – აღნიშნულია პეტიციაში.

ერთ-ერთი რუსთაველი სტუდენტის, ლადო ბიწაძე “17 მაისთან” აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი დიდ პრობლემას წარმოადგენს და სტუდენტებისა და მათი მშობლების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.

“თბილისი-რუსთავის მიკრო ავტობუსების მგზავრობის ფასი არის 1.30 ან 1.50 თეთრი. ადრე გამოყოფილი იყო ყვითელი ავტობუსი, რომელიც სტუდენტებისთვისაც და რუსათვის დანარჩენი მოსახლეობისთვისაც ძალიან მისაღები იყო, თუმცა, იგი გააუქმეს და ახლა მხოლოდ მიკრო ავტობუსებია. მგზავრობის საფასური რამდენიმე წლის წინ 1 ლარს შეადგენდა და შემდეგ გაძვირდა 1.50-მდე. იმ ფონზე, რომ საქართველოში ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, ძალიან უსამართლოა, რომ მგზავრობა ასე ძვირი ღირდეს. განათლების ძირითადი კერა თბილისშია და ყველა შემთხვევაში უწევთ რუსთაველ სტუდენტებს, რომ თბილისში იარონ, ეს ყველაფერი სტუდენტების ბიუჯეტზე, უფრო მეტად კი მშობლების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება” , – აღნიშნა ბიწაძემ.

“მეტრონომი” რუსთავის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში გვითხრეს ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

“17 დეკემბერს არის სტუდენტების  პეტიცია შემოსული, ჩვენ პასუხი 25 დეკემბერს გავეცით. პასუხში დავწერეთ, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც სტუდენტებმა მოითხოვეს 2016 წლის ბიუჯეტში ამ საკითხის გათვალისწინება ვერ მოხდება, თუმცა ქალაქის მერი და სოციალური სამსახური მუშაობს ამ თემაზე. ანუ რა ფორმით უფრო ეფექტური იქნება სტუდენტებისთვის ამ შეღავათის გაკეთება ვგულისხმობ, სუბსიდირებას სამარშუტო ტაქსების საფასურის თუ სტუდენტური ავტობუსის დანიშვნა. უახლოეს მომავალში ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სავარაუდოდ სტუდენტების მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილებული იქნება, ამაზე მერია მუშაობს”. – განაცხადეს რუსთავის მერიაში.

იტვირთბა....